ოქტომბერი 548
en

თბილისის საარქივო ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის - „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ (1912) - ჩვენებით გაიხსნა.

საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყნის 80-მდე დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ფილმი და კინოქრონიკა ეროვნული არქივის კინოდარბაზში 6, 7 და 8 ოქტომბერს იქნება ნაჩვენები. კინოფესტივალისთვის შერჩეული ფილმები 1895 – 1960-იან წლებში ძმები ლუმიერების, ძმები სკლადანოვსკების, იან კრიჟენეცკის, ვასილ ამაშუკელის, ჟორჟ მელიესის, აურელიო პაზ დორ რეისის, ლადო მუჯირის, ჟორჟ პალუს, ოქტავიან მილეტიჩის, ვიმ ვენდერსისა და სხვების მიერ არის გადაღებული.

კინოფესტივალის ქართველ და უცხოელ სტუმრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ მიმართეს და ფესტივალის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს პირველად ატარებს და  კინოფესტივალის წლევანდელი თემა ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი კინოდოკუმენტებია, ამიტომ მასში მონაწილე ქვეყნების - გერმანიის, იტალიის, აშშ-ის, ესპანეთის, მალტის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, ჩეხეთის, ხორვატიის, მოლდოვასა და საფრანგეთის - კინოარქივები, კინოთეკები და კინომუზეუმები მათ ფონდებში დაცული უძველესი ფილმების პროგრამებს წარადგენენ.

კინოფესტივალის პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saarkivo-filmebis-festivali-1. საქართველოს ეროვნული არქივი კინოფესტივალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ატარებს.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ.1/პეკინის გამზ. 40.