მარტი 548
en

სკოლის მოსწავლეები ეროვნულ არქივში

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობაში“ მონაწილე სკოლის მოსწავლეები იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ესტუმრნენ და მის მუშაობას გაეცნენ.

 სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობას“ საქართველოში ამერიკული ორგანიზაცია „PH International“ აშშ-ის განვითარების სააგენტოს  დაფინანსებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. მოსწავლეების ვიზიტს ეროვნულ არქივთან ერთად ამ პროგრამის თბილისის რეგიონის პარტნიორმა - „თბილისის მოზარდთა სახლმა“ -გაუწია ორგანიზება. 

თბილისის #28, #216, #209, #199, #143 სკოლების და კერძო სკოლა „აისის“ 17 მოსწავლე ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას, კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივს, დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიასა და დოკუმენტების დიგიტალიზაციის ჯგუფს სტუმრობდა. 

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის კინოდარბაზში მათ იხილეს პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმი „არგონავტები“, რომლის მხატვარი ლადო გუდიაშვილია. მოზარდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობით, რომელშიც თავადაც მიეცათ საშუალება, რესტავრატორის მაგიდას მისხდომოდნენ.

ვიზიტის ბოლოს  მოსწავლეებმა ეროვნული არქივის გალერეაში მიმდინარე გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ დაათვალიერეს.