საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიმართა საქართველოს სახალხო მხატვრის, ზურაბ ლეჟავას შემოქმედებითი საღამო, რომელიც მისი დაბადების 83-ე წელს მიეძღვნა.
ღონისძიება ეროვნული არქივის, სს „ქართული ფილმისა“ და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის ინიციატივით ჩატარდა.
ზურაბ ლეჟავა წლების განმავლობაში საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე იყო. იგი ასევე აქტიურად მოღვაწეობდა კინოში. გადაღებულია ისეთ ცნობილ მხატვრულ ფილმებში, როგორიცაა: „არსენა“, „გიორგი სააკაძე“, „ქეთო და კოტე“, „მწვერვალთა დამპყრობნი“, „მალახოვის ყორღანი“, „წიგნი ფიცისა“.
შემოქმედებით საღამოზე ნაჩვენები იყო კადრები კინოფილმებიდან ზურაბ ლეჟავას მონაწილეობით. როგორ არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული კადრები არქივში დაცული მასალების მიხედვით წარმოადგინეს. „ვიმედოვნებ, დღევანდელი საღამოს სტუმრები კმაყოფილნი დარჩებიან. მსგავსი ღონისძიებები არქივში მომავალშიც გაიმართება", - აღნიშნა იაშვილმა.
არქივის დარბაზში გამოფენილი იყო აგრეთვე ზურაბ ლეჟავას მხატვრული ნამუშევრების საუკეთესო ნიმუშები, მათ შორის, „სამანიშვილის დედინაცვლის" ესკიზები.