ოქტომბერი 548
en

სემინარი არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომლებისთვის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს სხვადასხვა სამინისტროს არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის სემინარი დაიწყო. ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

სპეციალურ სწავლებაში მონაწილეობს: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს,  სასჯელაღსრულებისა, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს 25 თანამშრომელი. 
სემინარის მონაწილეები გაეცნობენ არქივების მუშაობის საკანონმდებლო ნორმებს; დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესებს, მათ შორისაა: საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეთა ფორმირება; დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა; საქმეთა გაფორმება; ანაწერების შედგენა; არქივების დოკუმენტების დაცვა; დოკუმენტების აღრიცხვა; არქივის დოკუმენტების მუდმივად შესანახად გადაცემის წესი. 
სწავლების მონაწილეებს პრაქტიკული მეცადინეობებიც ჩაუტარდებათ. სემინარი 22 ოქტომბერს დასრულდება. 
აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს პერმანენტულად ატარებს.