საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს მასალის მოძიებას ეროვნული საარქივო ფონდის გასამდიდრებლად.
მიმდინარე წლის თებერვალში ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისაგან შეიძინა 1956-1987 წლებში გადაღებული ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების 82 აფიშა, მათგან უძველესია 1956 წელს სიკო დილიძის მიერ გადაღებული ფილმის „ეთერის სიმღერა“ აფიშა.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის თქმით, ეროვნული არქივი დაინტერესებულია, გაამდიდროს საარქივო ფონდი კერძო კოლექციონერებთან თუ ორგანიზაციებთან დაცული უნიკალური მასალებით. აღნიშნული მასალების შეძენის საკითხს იხილავს და წყვეტს სპეციალური საექსპერტო კომისია.
ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილის ზეინაბ ხინტკირიას ინფორმაციით, ახალშეძენილ კოლექციაში თავმოყრილია აფიშები არაერთი ქართული კინოშედევრისა: „აბესალომ და ეთერი“, „ალავერდობა“, „განგაში“, „დიდი მწვანე ველი“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“, „ვედრება“, „კუკარაჩა”, „მანანა“, „მარადისობის კანონი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „ოთარაანთ ქვრივი“, „ღვინის ქურდებისა“ და სხვა.
აფიშები, ამავდროულად, საინტერესო ინფორმაციას შეიცავს ფილმის რეჟისორის, სცენარის ავტორის, მონაწილე მსახიობების, მხატვრის, ოპერატორის შესახებ.
აღსანიშნავია, ეროვნულ არქივში დაცულია დასახელებული მხატვრული ფილმების გადაღების ამსახველი ფოტონეგატივები, ლიტერატურული და სარეჟისორო სცენარები, მუსიკის პარტიტურები, ფილმის დღიურები და სხვ., რაც კიდევ უფრო ზრდის აფიშების მნიშვნელობას და მათდამი ინტერესს.
ახალშეძენილი აფიშები კიდევ უფრო გაამდიდრებს ეროვნულ არქივში აქამდე არსებული კინოაფიშების მდიდარ კოლექციას.