საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ოსლოში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ფინეთის ეროვნული არქივის ხელმძღვანელს ჯუსი ნუორტევას შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ფინეთის არქივებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რაც ითვალისწინებს საარქივო ინფორმაციის გაცვლას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი გამოფენებისა და სხვა პროექტების განხორციელებას. მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის არქივებში საქართველოსა და ფინეთის შესახებ არსებული დოკუმენტების შესახებ.
ეროვნული არქივის დელეგაცია ნორვეგიაში 10 სექტემბერს გაემგზავრა არქივების საერთაშორისო საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „ნდობა და ხელმისაწვდომობა. ციფრული ინფორმაციის მართვის თანამედროვე სისტემა“ მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციაში 100-ზე მეტი ქვეყნის არქივის დელეგაცია მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი განაგრძობს შეხვედრებს უცხოელ კოლეგებთან.