მარტი 548
en

საქართველოს ეროვნულ არქივსა და იტალიის არქივების გერენალურ დირექტორატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და იტალიის რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს არქივების გენერალურ დირექტორატს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და იტალიის არქივების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა როსანა რუმომ.
დოკუმენტი ითვალისწინებს ორი ქვეყნის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების, გზამკვლევებისა და ნუსხების ასლების გაცვლას, საარქივო სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი პუბლიკაციების გამოცემასა და ღონისძიებების ორგანიზებას. 
არქივების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის არქივების სტრუქტურაზე, მუშაობის პრინციპებზე, სამომავლო გეგმებსა და ერთობლივ გამოფენებზე.
თეონა იაშვილი ესტუმრა რომის სახელმწიფო არქივსაც, სადაც შეხვედრა გამართა არქივის დირექტორთან, დაათვალიერა იქ დაცული დოკუმენტები, მათ შორის 1629 წელს რომში გამოცემული იტალიური-ქართული ლექსიკონი, რომელიც რომის უნივერსიტეტის ფონდშია დაცული; გაეცნო დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროგრამასა და ელექტრონული არქივების მუშაობის პრინციპებს. 
დაიგეგმა იტალიის რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს არქივების გენერალური დირექტორატის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში.