საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელმა უღურ უნალიმ დღეს საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის საარქივო სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონია ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ამსახველი გამოფენის ფონზე შედგა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ეროვნულ არქივში დაცული, ძველ ოსმალურ ენაზე შესრულებული დოკუმენტები, ასევე ფოტო და წერილობითი მასალა თურქეთისა და კავკასიის, თურქეთისა და დამოუკიდებელი საქართველოს ურთიერთობის შესახებ.
ღონისძიებას დაესწრო თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.
დღეს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს საარქივო დოკუმენტების ასლების გაცვლას, ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე დოკუმენტების რესტავრაციის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოაწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს და იმუშავებენ სამეცნიერო პუბლიკაციებზე.
თურქეთის დელეგაცია თურქეთის პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო არქივის გენერალური დირექტორის, უღურ უნალის, ხელმძღვანელობით საქართველოს 14 აპრილს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სტუმრები დაათვალიერებენ, ასევე იუსტიციის სახლს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ექსპოზიციებს.
თურქეთის დელეგაციის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.