ოქტომბერი 548
en

საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის ფონდის მიმოხილვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულია საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის ფონდი, რომლის თაობაზე ინფორმაცია ეროვნული არქივის ფონდებისა და კოლექციების მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება. 
1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებით საქართველოში ახალი მმართველობა დაამყარა. ამას მოჰყვა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვა და 1811 წელს მისი დაქვემდებარება რუსეთის ეკლესიის ცენტრის - სინოდისადმი. ქართული ეკლესიის საქმეებს განკარგავდა რუსეთის სინოდის განყოფილება - დიკასტერია. 1915 წელს დიკასტერია გადაკეთდა „საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორად“. 
საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის ფონდის მასალები მოიცავს 1814 წლიდან 1921 წლამდე პერიოდის 147 560 საქმეს. დოკუმენტებს შორის არის: საეკლესიო წიგნები, რომელიც ასახავს  საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მონაცემებს (დაბადება, ქორწინება, გარდაცვალება), სინოდის კანტორის სხდომათა ოქმები, საეკლესიო ქონების აღწერა, ინფორმაცია ეკლესია-მონასტრების აღდგენის, შეკეთებისა და მშენებლობის შესახებ, ასევე, სამრევლო სკოლებისა და სასწავლებლების გახსნის შესახებ. 
საისტორიო ცენტრალურ არქივში ამ ფონდის მასალების მიხედვით 1814-1921 წლებში საქართველოში არსებული ეკლესია-მონასტრებისა და იქ მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზა იქმნება. ეს ბაზა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, მარტივად მიიღოს ინფორმაცია მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე სასულიერო პირების, მრევლის, ეკლესია-მონასტრების აშენებისა და რეკონსტრუქციის შესახებ. 
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფონდი საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდებს შორის მოქალაქეთა და მკვლევართა მხრიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება. სწორედ აქ დაცული საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით არის შესაძლებელი ამა თუ იმ გვარის გენეალოგიის დადგენა.