დეკემბერი 548
en

სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების გამოფენა გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული რელიგიური შინაარსის დოკუმენტების გამოფენა, რომელიც წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს მიეძღვნა.

გამოფენა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ და საქართველოს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამიამ გახსნეს.

„ეს გამოფენა, რომელიც მოაწყო იუსტიციის სამინისტრომ და ახალგაზრდულმა ცენტმა, მეტად მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენი დიადი წარსულის შესახებ. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ჩვენი წარსულით. მაგრამ არ არის საკმარისი, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიშრომოთ, რომ მომავალი არ იყოს წარსულზე ნაკლები“, - მიმართა შეკრებილ საზოგადოებას პატრიარქმა.

„ჩვენი უპირველესი მიზანია, გავუფრთხილდეთ იმ სიძველეებს, იმ სულიერ საგანძურს, რომელიც შემოგვინახეს ჩვენმა წინაპრებმა. ეს ისტორიული დოკუმენტები, რომელთა ნაწილი აღსადგენი და გასაახლებელია, მატარებელია ჩვენი გენის, ისტორიის, სულიერიების და განმაპიროებელია ჩვენი დიადი მომავლისა, ისეთივე დიადის, როგორიც წარსული გვქონდა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეროვნულ არქივში დაცული რელიგიური შინაარსის დოკუმენტები, რომელთა შორის უძველესი მე-9, ხოლო უახლესი მე-19 საუკუნით თარიღდება, მათ შორის: სხვადასხვა დროს გადაწერილი სახარება, კონდაკი, გულანი, საეკლესიო კრების დადგენილება, ქართველი მეფეებისა და კათალიკოსების მიერ გაცემული შეწირულების წიგნები და სხვა უნიკალური დოკუმენტები.
13-14 მაისს ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაგრძელდება, მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

გამოფენაზე წარმოდგენილ დოკუმენტთა ნუსხა:
1. სახარება. ოთხთავი. ასომთავრული. IX საუკუნე;
2. საგალობლები ძველი სანოტო ნიშნებით (სძლისპირნი). ასომთავრული. X-XI საუკუნეები;
3. ანჩის სახარება. ნუსხური. XI-XII საუკუნეები;
4. დავითნი. საწყისი ასოები სინგურით. XII საუკუნე;
5. საეკლესიო კრების დადგენილება. 1263 წელი;
6. ცხოვრება და საკვირველება შიო მღვიმელისა. ნუსხური. საწყისი ასოები ასომთავრულით, სათაურები სინგურით. XIII საუკუნე:
7. სახარება. ნუსხური. საწყისი ასოები სინგურით. მახარებელთა სამი ფერადი მინიატურით. XIV საუკუნე;
8. სახარება. საწყისი ასოები სინგურით. მინიატურული ზომის. XIV-XV საუკუნეები;
9. ყმა-მამულის შეწირულების წიგნი, მიცემული ვამიყ შაბურის ძის მიერ ბოდორნის ეკლესიისადმი. 1474 წელი;
10. კონდაკი. ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის მინიატურებით. გრაგნილი, ნაწილი ტყავზე. XV საუკუნე;
11. ჟამნი. XV საუკუნე;
12. ყმა-მამულის შეწირულების წიგნი, მიცემული დოროთეოს კათალიკოსის მიერ იტრიის ეკლესიისადმი. 1592-1599 წლები;
13. გულანი. მცირე ზომის მინიატურებით. 1714 წელი;
14. ლოცვანი. საწყისი ასოები სინგურით. შერეული მხედრული და ნუსხური. 1767 წელი;
15. წმ. ლუკასა და წმ. იოანეს სახარება. მინიატურებით. 1779 წელი;
16. ყმა-მამულის შეწირულების წიგნი, მიცემული სოლომონ II-ის მიერ მოწამეთის ეკლესიისადმი. 1795 წელი;
17. ლოცვანი. 1836 წელი;
18. მიცვალებულთა მოსახსენიებელი წიგნი. XIX საუკუნე;
19. იესო ქრისტეს ეპისტოლე ედესის მთავრის ავგაროზის მიმართ. XIX საუკუნე.
20. სოფელ ჭორვილას შეწირულების წიგნი, მიცემული თამარ მეფის მიერ გელათის ღვთისმშობლის ეკლესიისადმი. ეტრატი. 1187 წელი;
21. თეთრის შეწირულების წიგნი, მიცემული მეფე როსტომის მიერ თბილისის სიონის ეკლესიისადმი. ეტრატი. 1650 წელი;
22. დავით აღმაშენებლის ანდერძი, მიცემული შიომღვიმის მონასტრისადმი. ფრაგმენტი. ეტრატი. 1123 წელი;
23. სოფელ აგარის შემოსავლის შეწირულების წიგნი, მიცემული მეფე ლაშა გიორგის მიერ შიომღვიმის მონასტრისადმი. ფრაგმენტი. ეტრატი. 1222 წელი;
24. საეკლესიო კრების დადგენილება მეფე დავით ულუსადმი. 1263 წელი;
25. ყმა-მამულის შეწირულების განახლების სიგელი, მიცემული მეფე გიორგი II-ის მიერ შიომღვიმის მონასტრისადმი. ფრაგმენტი. ეტრატი. 1072 წელი;
26. ქორწინების კანონთა წიგნი. 1816 წელი;
27. მამულის წყალობის დაწერილი (წიგნი), მიცემული კათალიკოს არსენ ჭყონდიდელის მიერ გელა აბულახტარისძისადმი. ეტრატი. 1242 წელი;
28. წყალობის დაწერილი (წიგნი), მიცემული კათალიკოს მიქელის მიერ ვაჩე გუარამისძისადმი. ეტრატი. 1241 წელი;
29. სახარება. ყდაზე ვერცხლის ჯვრით. ნუსხური. 1534 წელი;
30. შეჩვენების წიგნი, მიცემული გრიგოლ ჭყონდიდელის მიერ კაცია ჩიჩუას სახელზე, ბიჭვინტის საეკლესიო ყმების გაყიდვის გამო. 1776 წ. 28 დეკემბერი;
31. ნივთების შეწირულების წიგნი, მიცემული აფხაზეთის კათალიკოს მალაქია გურიელის მიერ ბიჭვინტის ღმრთისმშობლის ეკლესიისადმი. შეწირა მოოქროვილი ხატი, მოჭედილი კონდაკი, სტიქარი, ვერცხლის შანდალი და სხვა ძვირფასი ნივთები. 1616-1639 წწ;
32. სოფელ ჯიქთუბანში მცხოვრები ოთხი კომლი გლეხის შეწირულების წიგნი, მიცემული აფხაზეთის კათალიკოს გრიგოლის მიერ ბიჭვინტის ეკლესიისადმი. 1705 წ. 25 ივნისი;
33. საეკლესიო ყმობის წიგნი, მიცემული იმერეთის დედოფალ ანას მიერ ბიჭვინთის ეკლესიის ყმებ სულაძეებისადმი. დედოფალმა ანამ სულაძეები გაათავისუფლა ყველა გადასახადისაგან, გარდა სააღაპო გადასახადისა - მეფე დავით II-ის სულის მოსახსენიებლად. 1804 წ. 12 დეკემბერი;
34. ბიჭვინთის იადგარი (წარმოადგენს “კათალიკოსთა სამართლის“ დამატებას).
შედგება სამი ნაწილისაგან: შეწირულების წიგნები, სისხლის განჩინების დადგენილებანი და დამტკიცების ხელრთვები. ნუსხური. ეტრატი. გრაგნილი. XVI საუკუნე;
35. სწავლა-მოძღვრებათა კრებული. ანდრია მოციქულობა და წმ. ნინოს ქადაგება საქართველოში. გადამწერი სემინარიის მეექვსე კლასის მოწაფე ესტატე გვიმრაძე. 1842 წელი.