საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში სულხან სალაძის საჯარო ლექცია „საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ გაიმართა.
სულხან სალაძემ ისაუბრა ნიდერლანდური კატროგრაფიის ოქროს საუკუნეზე; მის კერძო კოლექციაში დაცულ XVI-XVIII საუკუნეებში შექმნილ საქართველოსთან დაკავშირებულ ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე, რომელთა შორისაა საქართველოს, კავკასიის, ევროპის, აზიის, შავი ზღვის, იმპერიების, ბიბლიური და ისტორიული თემატიკის რუკები; უნიკალური მასალა საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, თუ როგორ ხედავდნენ და რა იცოდნენ საქართველოს შესახებ ათასობით კილომეტრის დაშორებით მოღვაწე კარტოგრაფებმა. ისინი ნათლად წარმოაჩენენ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობას, შავი ზღვის განსაკუთრებულ როლსა და საქართველოს წვლილს ევროპული კარტოგრაფიის განვითარებაში.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“, სადაც წარმოდგენილია აღნიშნული რუკებისა და გრავიურების ორიგინალები, 16 მარტამდე გრძელდება.