სექტემბერი 548
en

„საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ - საიუბილეო გამოფენა ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ გაიხსნა. 

გამოფენა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სულხან სალაძის კერძო კოლექციაში დაცული XVI-XVIII საუკუნეებში შექმნილი საქართველოსთან დაკავშირებული მასალა -  26 უნიკალური რუკა და გრავიურა ორიგინალი ბეჭდური სახით. მათ შორისაა საქართველოს, კავკასიის, ევროპის, აზიის, შავი ზღვის, იმპერიების, ბიბლიური და ისტორიული თემატიკის რუკები; აგრეთვე ეროვნულ არქივში დაცული, საქართველოსა და ნიდერლანდების ურთიერთობების ამსახველი, საარქივო მასალის ორიგინალები.

 

გამოფენის პარალელურად,  17 თებერვალს, 19:00 საათზე,  სულხან სალაძის საჯარო ლექცია გაიმართება. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. 

ექსპოზიცია „საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ ერთ თვეს გაგრძელდება. 

გამოფენა მომზადდა  ,,ღია სივრცე კავკასიის“ (COS) მიერ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული არქივი.