იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებული 22 მაისს გამოვლინდება. პროექტის მონაწილე 32 სკოლის გუნდებს შორის დღეს გამართულ ვიქტორინაზე ხვალინდელი მერვედფინალის მონაწილე 16 გუნდი გამოვლინდა. ხვალვე გაიმართება შეჯიბრების ფინალური ეტაპი.
მერვედფინალში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის N52 სკოლა; "კანდიდი"; "NK"; რუსთავის N5 სკოლა; დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი; თბილისის N63 სკოლა: თბილისის N16 სკოლა; ევროპული სკოლა; თბილისის N54 სკოლა; მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირის სკოლა; "პოლიგლოტი"; მცხეთის N1 სკოლა; თბილისის N124 სკოლა; თბილისის N42 სკოლა; თბილისის N99 სკოლა; თბილისის N53 სკოლა.
პროექტის პირველ ეტაპზე თბილისის, მცხეთისა და რუსთავის 32 სკოლაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე ეროვნული არქივის თანამშრომლებმა პრეზენტაციები ჩაატარეს. თითოეულმა სკოლამ შექმნა 5-კაციანი გუნდი, რომლებიც ვიქტორინაში მონაწილეობის მისაღებად 8 ქვეჯგუფში კენჭისყრით განაწილდნენ.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო გუნდი“ და „საუკეთესო მოთამაშე“. მათთან ერთად, ეროვნული არქივის მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზითა და სიგელით მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდებიც დაჯილდოვდებიან.
საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ღონისძიებამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ 2015/2016 სასწავლო წელს ღონისძიება გაფართოებულიყო და მასში, თბილისთან ერთად, ჩართულიყო მცხეთისა და რუსთავის სკოლებიც.
ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.