ოქტომბერი 548
en

საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტს სკოლის მოსწავლეთათვის  - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 25 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს.

საგანმანათლებლო პროექტ - ვიქტორინას თემაზე: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ღონისძიებამ საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ  2015/2016 სასწავლო წელს ღონისძიება გაფართოებულიყო და მასში,  თბილისთან ერთად, ჩართულიყო მცხეთისა და რუსთავის სკოლებიც.

პროექტი შედგება პრეზენტაციებისა და ვიქტორინის ეტაპებისგან. თბილისის, მცხეთისა და რუსთავის იმ სკოლებში, რომლებიც პროექტში ჩაერთვებიან, პირველი რესპუბლიკის ისტორიასთან დაკავშირებით პრეზენტაციები გაიმართება; ამის შემდეგ სკოლებში, VIII-XI კლასის მოსწავლეებისაგან, ჩამოყალიბდება ვიქტორინაში მონაწილე ჯგუფები, რომლებიც მაისის თვეში ეროვნულ არქივში დაგეგმილ ვიქტორინაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორ ნომინაციაში: „საუკეთესო გუნდი“ და  „საუკეთესო მოთამაშე“ და  დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზითა და სიგელით.

ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.