მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის - „საგანძური ეროვნული არქივის ფონდებში“ - პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ასათიანმა წარადგინა. პრეზენტაციას დაესწრნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ეროვნული არქივი მდიდარ მასალას ინახავს. XIX-XX საუკუნეების ფოტოებსა და წერილობით დოკუმენტებში დაცულია ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიასა თუ მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ექსპედიციისას აღრიცხული და აღწერილი საგანძურის შესახებ. ეს ფასდაუდებელი მასალა თითოეული სასულიერო თუ საერო შინაარსის ძვირფასი ნივთის ისტორიის აღდგენის საშუალებას იძლევა.
პროექტი ეროვნული არქივის ფონდებიდან ერის საგანძურის შესახებ სხვადასხვა ტიპის მასალის მოძიებას, სისტემატიზაციას, შესწავლასა და განახლებულ აღწერათა შექმნას ემსახურება.
პროექტზე მუშაობისას ზუსტდება დოკუმენტებსა და ფოტოებში წარმოდგენილი თითოეული ძვირფასი ნივთის დღევანდელი მდგომარეობა და ადგილსამყოფელი. საგანძურის ნაწილი ამ დროისათვის საქართველოს მუზეუმებში ინახება, ნაწილი კი, სახეცვლილი, ქვეყნის ფარგლებგარეთაა გატანილი ან განადგურებული. ზოგიერთი ძვირფასი ნივთის არსებობას დღეს მხოლოდ საარქივო მასალაში შემორჩენილი ინფორმაცია ადასტურებს.
ამ ეტაპისათვის დამუშავებულია საგანძურის ამსახველი ფოტოების ძირითადი ნაწილი, მათ შორის ალექსანდრე როინაშვილის, დიმიტრი ერმაკოვის, თეოდორ კიუნეს კოლექციებიდან.