მარტი 548
en

საბერძნეთის დელეგაციამ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი დაათვალიერა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის მინისტრი ოლგა იეროვასილი და ამავე სამინისტროს კაბინეტის უფროსი იოანა პაპამიჰაილი სტუმრობდნენ.

დელეგაციას ახლდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში საბერძნეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლაოს პიპერიგოსი და საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.

საგამოფენო პავილიონში სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნულ არქივში დაცული ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი მასალა, მათ შორის ისტორიული დოკუმენტები; ქართულად თარგმნილი ბერძნული სამართალი, რომელიც ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნშია შესული; დოკუმენტები საქართველოში ბერძნების ცხოვრების შესახებ; ორმხრივი ვიზიტების ამსახველი ფოტო და კინოდოკუმენტები.

საბერძნეთის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად ჩამოვიდა. ვიზიტი გასულ წელს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე დაიგეგმა.

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინიციატივით აშენდა და 2016 წლის 19 ივლისს გაიხსნა. პავილიონის ფუნქციაა  ფართომასშტაბიანი გამოფენებისა და ღონისძიებების მეშვეობით საზოგადოებას წარუდგინოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი და მდიდარი მასალა.