იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2013 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 29 829 ფურცელს, 348 ფოტოპოზიტივს (6 ალბომი), 91 ტექნიკურ ნახაზს, 300-ზე მეტ გაზეთს, 53 რუკას.
რესტავრირებულ დოკუმენტებს შორისაა: აპოკრიფი - მცნებანი ქრისტესნი (XIV საუკუნე); ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი (1123 წელი); მეფეთა სიგელები, შეწირულების წიგნები, სასულიერო ხასიათის საბუთები; სპარსული კოლექციის 60-ზე მეტი საბუთი (XVI-XIX საუკუნეები); პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდი; გაზეთები „ცნობის ფურცელი“ (1902 წლის ნომრები) და „საქართველოს რესპუბლიკა“ (1918 წლის ნომრები).
დოკუმენტების კონსერვაცია-რესტავრაციასთან ერთად, ლაბორატორია აქტიურად მუშაობდა ცენტრალური და ადგილობრივი არქივსაცავების დეზინფექციასა და საარქივო ფონდში ახალშემოსული დოკუმენტების მოწესრიგებაზე.
დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტის ფარგლებში, 2013 წელს დასასკანერებლად მომზადდა, ხელახლა აიკინძა და ყდაში ჩაისვა 1641 საქმე.
მიმდინარე წლის განმავლობაშიც ლაბორატორია მუშაობას გააგრძელებს საქართველოს რესპუბლიკური და ქალაქ თბილისის მმაჩის არქივის მასალაზე (1921-1927 წლები).
2014 წელს დასრულდება საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ თხზულებათა კრებულის - გულანის (XVI საუკუნე) რესტავრაცია, რომელიც ხელნაწერის გარდა 12 მინიატურასაც მოიცავს.