დეკემბერი 548
en

ქვემო ქართლის რეგიონული არქივის გახსნა რუსთავში

ქალაქ რუსთავში 7 აპრილს ქვემო ქართლის რეგიონული არქივი გაიხსნა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს პირველი ახალი შენობაა, რომელიც საარქივო დოკუმენტებისათვის აშენდა.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.

2015 წელს საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წელი შესრულდა. რუსთავში ქვემო ქართლის რეგიონული არქივის შენობის გახსნა საიუბილეო ღონისძიებებს შორის პირველია. 

შენობის გახსნის ცერემონიაზე სტუმრებმა ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური დოკუმენტური კადრები იხილეს, რომლებიც თბილისის (1939, 1970), რუსთავის (1951), ბათუმის (1958), ცხინვალის (1951), თელავის (1970) და სოხუმის (1983) ცხოვრებას ასახავს. ნაჩვენები იყო კინოსიუჟეტები ქართული მხატვრული ფილმების გადაღების შესახებ: „გიორგი სააკაძე“ (1943), „ქეთო და კოტე“ (1948), „ბაში-აჩუკი“ (1956), „მანანა“ (1958), „თოჯინები იცინიან“ (1963), „დონ კიხოტი“ (1985).


ქვემო ქართლის რეგიონული არქივის შენობა 5-სართულიანია და მისი საერთო ფართი 1558 კვადრატული მეტრია. 968 კვადრატულ მეტრზე დოკუმენტების საცავია განთავსებული. აქ რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, წალკის − სულ 285 000-მდე საარქივო საქმე მოიყრის თავს.  მშენებლობაზე, რომელიც 2014 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა, 2 476 142 ლარი დაიხარჯა.

ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დოკუმენტები 1920-იანი წლებიდან ინახება. საარქივო დოკუმენტები ასახავს რეგიონის სოფლებისა და ქალაქების სოციალურ და კულტურულ ყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებს, დემოგრაფიულ მონაცემებს, ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას.


არქივში დაცულია ბორჩალოს მაზრის რევოლუციური კომიტეტის მასალები, რომლებიც 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლას ასახავს. საარქივო მასალა, ასევე, მოიცავს ინფორმაციას ადგილობრივი სასწავლო დაწესებულებების, ფაბრიკა-ქარხნების, თეატრებისა და კულტურის სახლების, საავადმყოფოების, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციების შესახებ.
გარდა ამისა, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში ინახება ამ მხარის ცნობილი პედაგოგების, პოეტების, მსახიობების, აგრონომების, ინჟინრებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენელთა პირადი ფონდები.


ქვემო ქართლის რეგიონში პირველი საარქივო დაწესებულება 1939 წელს ბოლნისში გაიხსნა. ის, ასევე, მოიცავდა დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის საარქივო განყოფილებებს. 1955 წელს შეიქმნა რუსთავის საქალაქო არქივი, რომელსაც მოგვიანებით დაექვემდებარა გარდაბნის რაიონული საარქივო განყოფილება.  ეტაპობრივად  ყველა საარქივო განყოფილება რაიონულ არქივად ჩამოყალიბდა და ათწლეულების განმავლობაში ქვემო ქართლის მხარეში 7 რაიონული და საქალაქო არქივი ფუნქციონირებდა. 2010 წლიდან ყველა რაიონული არქივი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივს“ დაექვემდებარა.