აპრილი 548
en

ქუთაისში იუსტიციის სახლი გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ტერიტორიული სამსახურების ქუთაისის ოფისები ერთ შენობაში - ქუთაისის იუსტიციის სახლში განთავსდა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებას მოქალაქეები დღეიდან ერთ შენობაში მიიღებენ.
ახალგარემონტებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოფისის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ზაზა თავაძე, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სერგო წიქარიშვილი, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში მიხეილ ჩოგოვაძე და სხვები დაესწრნენ.
 როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ქუთაისში იუსტიციის სახლის შექმნა მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებასა და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას ემსახურება.
მისი თქმით, ეს არის საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი მომსახურების ცენტრი. მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა, ერთსა და იმავე შენობაში მიიღოს დაბადების, ქორწინების, პირადობის მოწმობები, პასპორტი; დაარეგისტროს უძრავი ქონება, მიიღოს არქივში დაცული ინფორმაცია, აღსასრულებლად წარადგინოს სასამართლოს გადაწყვეტილებები და ა.შ.
როგორც ეროვნული არქივის ხელმძვანელმა განაცხადა, ქუთაისის ცენტრალურ არქივში, რომელიც იუსტიციის სახლში განთავსდა, გაუმჯობესდა დოკუმენტების შენახვის პირობები და მოქალაქეთა მომსახურება.
მისივე თქმით, ქუთაისის არქივში დაცულია მე-17 საუკუნიდან მოყოლებული დოკუმენტები, რომელიც დასავლეთ საქართველოს ისტორიას ინახავს. არქივში დაცულია 620 000 შესანახი ერთეული.
იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სახლების გახსნას სხვა რეგიონებშიც გეგმავს.