აპრილი 548
en

ქუთაისის თეატრში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის 50-მდე ექსპონატი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამოიფინა.

ღონისძიება „ქუთაისობა 2015-ის“ ფარგლებში გაიმართა.  მისი მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მესხიშვილის თეატრი და "არტ-ლიგა". 
„დღეს გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა, რომელიც ასახავს საუკუნისწინანდელ ქუთაისს. დამთვალირებელს საშუალება აქვს ფოტოებზე ნახოს ქალაქის მაცხოვრებლები, საზოგადო მოღვაწეები“, - აღნიშნა გამოფენის გახსნისას ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.
ნიკოლოზ საღარაძე 1877 წლის 1 მაისს დაიბადა დაბა ხონში, 1898 წლიდან სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ფოტოგრაფიით 12 წლის ასაკში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც მამინაცვალს მისი სიძის, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში გაჰყვა. იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ გიმნაზიაში სწავლა შეწყვიტა, გახდა მიხაილოვის მოწაფე, შემდეგ კი - თანაშემწე. ქუთაისში, ვორონცოვის ქუჩაზე მდებარე „ცენტრალურ ატელიეში“ ის 1930-იან წლებამდე მოღვაწეობდა. თავისი მასწავლებლების მსგავსად, საღარაძეც,ძირითადად, სტუდიური ფოტოგრაფიით იყო დაკავებული. მისი ატელიე ქუთაისის რიგით მცხოვრებლებს ემსახურებოდა, თუმცა, პარალელურად, საღარაძე გამოჩენილ საზოგადო  და კულტურის მოღვაწეებს იღებდა. 

1947 წელს ნიკოლოზ საღარაძემ ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში ათწლეულების განმავლობაში შექმნილი ფოტოარქივი - 150-მდე მინის ნეგატივი და 15 ფოტოალბომი - არქივს საჩუქრად თავად გადასცა. დღეისათვის რთული დასადგენია, ატელიესფოტოგრაფთაგან რომელია კონკრეტული ფოტოს ავტორი: ალექსანდრე მიხაილოვი, ნიკოლოზ საღარაძე თუ მელქონ კაჩუხაშვილი. 
გამოფენა პირველად გასულ წელს თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა. ქუთაისში საღარაძის კოლექციის ფოტოები პირველად გამოიფინება.