ოქტომბერი 548
en

ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალი შენობა დღეს გაიხსნება

ქვემო ქართლის რეგიონული არქივი რუსთავში; კახეთის რეგიონული არქივი თელავში; სამეგრელოს რეგიონული არქივი ზუგდიდში; ეროვნული არქივის პავილიონი თბილისში; ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობა, რომელიც დღეს საზეიმოდ გაიხსნება − ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლებიც ეროვნული არქივის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელდა.

ქუთაისის ცენტრალური არქივი გამორჩეულია საკუთარი ფონდებითა და კოლექციებით − აქ დაცულია დოკუმენტები მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე და მათი დაცვისათვის სათანადო პირობების შექმნა მომავალი თაობებისათვის საარქივო საგანძურის შემონახვას ემსახურება.

გარდა იმისა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი ლამაზი ნაგებობა შეემატა,  ქუთაისის ცენტრალურ არქივს პირველად აქვს ახალი შენობა, რომელიც დაპროექტებულია და აგებული საგანგებოდ საარქივო საჭიროებისათვის. შენობის არქივსაცავები აღჭურვილია  საერთაშორისო ნორმების შესაბამისი თანამედროვე ვენტილაცია-კონდიცირებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით.

ქუთაისის ცენტრალური არქივი 1921 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად აქ დაცულია XVIII საუკუნიდან დღემდე შექმნილი დოკუმენტები − ქუთაისის ქალაქის მმართველობის (1875-1919 წლები), ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს (1846-1918 წლები), ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს (1837-1917 წლები), იმერეთის ეპარქიული კანცელარიის (1819-1921 წლები) და სხვა ფონდები. უნიკალურ დოკუმენტებს შორის შეხვდებით იმერეთის მეფეების − სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის _ სიგელებსა და წყალობის წიგნებს; მოსახლეობის აღწერის მასალებს; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა ავტოგრაფებს; ქუთაისის კლასიკური და ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიების დაარსების ამსახველ დოკუმენტებს და სხვა მასალებს.

ქუთაისის ცენტრალურ არქივის თანამედროვე სტანდარტების საცავებში თავს მოიყრის ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხონის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის 4 334 საარქივო ფონდის 905 432 საქმე.

2012 წლის მიწურულს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული არქივის მხარდაჭერა პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. უახლოეს წარსულში ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურული ბაზა თავისი  არსებობის განმავლობაში პირველად განახლდა და გაიზარდა. ბოლო ათწლეულებში პირველად აშენდა ეროვნული არქივის ახალი თანამედროვე შენობა რუსთავსა (ქვემო ქართლის რეგიონული არქივი) და ქუთაისში (ქუთაისის ცენტრალური არქივი);  2016 წელს გაიხსნა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი, რომელშიც  ფუნქციონირებს მედიათეკა, ბრენდირებული პროდუქციის მაღაზია და კაფე; სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და თანამედროვედ აღიჭურვა არქივის შენობები ზუგდიდსა და თელავში.