აპრილი 548
en

„ქართული ზღაპრები - აუდიობიბლიოთეკა“

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კიდევ ერთი ახალი პროექტი განახორციელა. „ქართული ზღაპრები - აუდიობიბლიოთეკა“ ბავშვებისთვის შეიქმნა და იგი ონლაინსივრცეში ხალხური ზღაპრების ხელმისაწვდომობას  ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული, 1960-70-იან წლებში მაგნიტურ ფირებსა და ფირფიტებზე ჩაწერილი  ქართული ზღაპრების აუდიოჩანაწერების დიგიტალური ვერსია მომზადდა. ციფრულ მატარებელზე გადავიდა 42 ქართული ზღაპარი, რომლებიც ვებგვერდზე   https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia აიტვირთა და ყველასთვის, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის, ეროვნული არქივის ოფიციალური ვებგვერდის http://www.archives.gov.ge/ge/kartuli-zgaprebi საშუალებით  ხელმისაწვდომი გახდა. პროექტისათვის შექმნილია, ასევე სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/GeorgianTales.

ვებგვერდზე განთავსებულ ზღაპრებს შორის არის: „ხუთკუნჭულა“, „ჭინჭრაქა“, „წიქარა“, „ჩიტი და მეფე“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „ნაცარქექია“, „კომბლე“, „კოკროჭინა“, „ამირანი“ და სხვა. ზღაპრებს პატარებისთვის ცნობილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი კითხულობენ.