აპრილი 548
en

”პოლონელები საქართველოში” - ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს, 11 მაისს, გამოფენა ”პოლონელები საქართველოში” გაიხსნა. 
 გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები პოლონეთის შესახებ, მათ შორის: XVI-XIX საუკუნეების პოლონური ხელნაწერი დოკუმენტები; 1824-1918 წლებში საქართველოში მცხოვრებ პოლონელთა პირადი საქმეები, სიგელები, მიმოწერა; 1906 წლის ცნობები საგანმანათლებლო საზოგადოება ”პოლონური სახლის” შესახებ; 1924-1988 წლების საბუთები პოლონეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობებისა და თბილისში პოლონეთის საკონსულოს მუშაობის თაობაზე.
 ექსპონატთა შორისაა პოლონელი მხატვრების ნამუშევრები: ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთა პირველი ილუსტრატორის, ჰენრიკ ჰრინევსკის ილუსტრაციები 1914 წელს გამოცემულ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულის I ტომისათვის; იან პაევსკის ნახატი ”ბიჭი სიგარით” (”განცხრომა”), რომელიც 1897 წელს გაზეთ ”კვალში” დაიბეჭდა; მიხეილ ვადბოლსკის მიერ 1930-1948 წლებში შესრულებული ქართველ მეფეთა გვირგვინების, გერბების, დროშებისა და ხელრთვის, ძველი ქართული სამოსის, საბრძოლო იარაღისა და მუსიკალური ინსტრუმენტების ილუსტრაციები.
გამოფენის გახსნას დაესწრო პოლონეთის სახელმწიფო არქივების დელეგაცია: პოლონეთის სახელმწიფო არქივების გენერალური დირექტორის მოადგილე, ბარბარა ბერსკა და ვარშავის სახელმწიფო არქივის დირექტორი, რიშარდ ვოიტოვსკი. ვიზიტის ფარგლებში პოლონური დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნობიან ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს პოლონეთის შესახებ. 
გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება.
მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზირი, N1. ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზი.