ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ რამიშვილი დღეს ეროვნულ არქივს ეწვია.
სტუმარი გაეცნო ეროვნულ არქივში დაცულ ფონდებს, მათ შორის, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მასალებსა და ნოე რამიშვილის პირად ფონდს. მოეწყო სპეციალური კინოჩვენება, სადაც ნოე რამიშვილის შთამომავალმა 1918-1921 წლების კინოქრონიკა ნახა.
ეროვნულ არქივში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებით მიმდინარე პროექტებზე, ასევე თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.
5 იანვარს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის - ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ რამიშვილი, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე. მინისტრებმა და მიშელ რამიშვილმა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესზე ისაუბრეს, რომელიც უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს და გადამწყვეტ ფაზაში 2015 წელს შევიდა.
ნოე რამიშვილი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი იყო. მან საქართველო საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ დატოვა და საფრანგეთში, ლევილის მამულში დასახლდა. ნოე რამიშვილი 1930 წელს მოკლეს. ის ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული.