მარტი 548
en

ნანა ჯანელიძის „იავნანას“ ეროვნულ არქივში შეინახებავენ

დღეს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს თავისი მხატვრული ფილმი „იავნანას“კინოფირის სამი ასლი გადასცა.

მხატვრული ფილმი 1994 წელს არის გადაღებული. სცენარის ავტორები: ნანა ჯანელიძე, ნინო ნატროშვილი; დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ბერიძე; კომპოზიტორები: ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე. ფილმი გადაღებულია იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მოტივზე.

„ეს ფილმი გადაღებულია 90-იან წლებში, ამიტომ ფირი დაზიანებულია. გადავწყვიტე,  იგი ეროვნული არქივისთვის გადამეცა და ძალიან მადლობელი ვარ მათი, რადგან მაშინვე გამოუცვალეს კოლოფები, გაწმინდეს და უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ფირი საიმედოდ იქნება დაცული. მოვუწოდებ ყველას,  ვისაც ჯერ კიდევ აქვს ფირები სახლში, გადასცენ ეროვნულ არქივს. ფირები იქნება დაცული და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომი გახდება ყველა მკვლევარისა თუ კინომოყვარულისთვის“, - განაცხადა ნანა ჯანელიძემ.

„ეროვნული არქივის კინოკოლექციაში მხატვრული ფილმების ძალიან მცირე რაოდენობაა. ჩვენი კოლექცია შედგება დოკუმენტური და სატელევიზიო ფილმებისგან, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი შენაძენი. ქალბატონმა ნანა ჯანელიძემ უნიკალური ფილმი გადმოგვცა, მოხდება ამ ფილმის საარქივო წესით აღრიცხვა, შემფეგ გაციფრულება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მის ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და ვგეგმავთ,  მომავალშიც  სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი ფილმები ჩვენთან შეინახონ“, - აღნიშნა ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივში 35 000-მდე კინოდოკუმენტი ინახება. თუმცა კოლექციის ძირითად ნაწილს დოკუმენტური ფილმები, კინოსიუჟეტები, კინოქრონიკა, კინოჟურნალები წარმოადგენს; მხატვრული ფილმები არქივში მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. 76 დასახელების ფილმს შორისაა: „არსენა“ (1923); „სამი სიცოცხლე“ (1924); „ვინ არის დამნაშავე“ (1925); „ნორჩი მფრინავი“ (1928) და სხვ., ასევე სატელევიზიო მხატვრული ფილმების სტუდიაში შექმნილი ფილმები:  „დედის ხელი“ (1959), „უსახელო უფლისციხელი“ (1968); „ცაბუნია“ (1969), „ქვევრი“ (1970) და სხვ.

ნანა ჯანელიძის „იავნანა“ მნიშვნელოვანი შენაძენია ეროვნული არქივის კინოკოლექციისთვის. უახლოეს მომავალში ფილმი ციფრულ მატარებელზე გადავა და კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის.