აპრილი 548
en

მწერალმა ბესო ხვედელიძემ ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში საკუთარი შემოქმედება ჩაწერა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში ლიტერატურული პრემია „საბას“ წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში გამარჯვებულმა მწერალმა ბესო ხვედელიძემ თავისი ნაწარმოებები ჩაწერა გამარჯვებული კრებულიდან „წითელი“.
 ეროვნულმა არქივმა პროექტის განხორციელება ცოტა ხნის წინ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ავტორები საკუთარ ნაწარმოებებს წაიკითხავენ და მათი ფონოჩანაწერები არქივში, ათწლეულების წინათ შექმნილ ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების აუდიოჩანაწერებთან ერთად შეინახება. 
ბესო ხვედელიძის თქმით, პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იგი მიესალმება ამ საშვილიშილო წამოწყებას, რადგან დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეეძლება არქივის მიერ შექმნილ ფონდში მოიძიოს და მოისმინოს მისთვის საინტერესო ავტორის ხმა.
ფონოარქივის სიმდიდრეს წარმოადგენს აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის, პაოლო იაშვილის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძის, ირაკლი აბაშიძისა და სხვათა ფონოჩანაწერები, რომელშიც ისინი საკუთარ ნაწარმოებებს კითხულობენ.
პროექტის ფარგლებში ეროვნული არქივის ფონოსაცავში ლიტერატურული პრემია „საბას“ ყველა გამარჯვებულის, თანამედროვე ავტორების, ასევე ახალგაზრდა შემოქმედების ჩანაწერები შეინახება, რომლებიც წლებთან ერთად დიდ  მნიშვნელობას შეიძენს. 
ეროვნული არქივი შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ ავტორს, დაუტოვონ საკუთარი ხმა მომავალ თაობებს.