ოქტომბერი 548
en

მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული სისტემაში ქუთაისის და სამტრედიის არქივები ჩაერთო

დღეიდან ქუთაისის ცენტრალური და სამტრედიის ადგილობრივი არქივები  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო.
ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით, ქუთაისის და სამტრედიის მაცხოვრებლებს შეუძლიათ თბილისში მდებარე ცენტრალური და ადგილობრივი არქივებიდან მიიღონ მათთვის საჭირო ცნობები. გარდა ამისა, საარქივო დოკუმენტის მისაღებად იმერეთის რეგიონში ჩასვლა აღარც თბილისელებს დასჭირდებათ.
როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა განაცხადა, ელექტრონული სისტემა გაუმარტივებს მომსახურებას როგორც მოქალაქეებს, ისე ორგანიზაციებს.
ეროვნული არქივის მომსახურების ელექტრონული პროგრამა თბილისის მასშტაბით რამდენიმე კვირის წინათ ამოქმედდა. ამ სიახლის დანერგვით მოქალაქეთა მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდა. სპეციალური პროგრამა ერთი მხრივ, მოქალაქეს უმარტივებს მომსახურების მიღებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აჩქარებს დოკუმენტის მოძიების შიდა პროცედურებს.
ეროვნულ არქივში სხვადასხვა სახის მომსახურების მისაღებად მისულ მოქალაქეს განცხადების ხელით შევსება და პირადობის მოწმობის ასლის წარდგენა აღარ უწევს. მათ მოთხოვნას მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლები ელექტრონულ პროგრამაში თავად არეგისტრირებენ. ამასთან, მომსახურების პროგრამას წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის ბაზასთან, საიდანაც პიროვნების სარეგისტრაციო მონაცემების თაობაზე ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში იღებს.
სპეციალური პროგრამა ეროვნულმა არქივმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით შეიმუშავა.
მომსახურების ელექტრონული პროგრამაში ეტაპობრივად ეროვნული არქივის ყველა ადგილობრივი ოფისი ჩაერთვება.