აპრილი 548
en

მეცნიერების საერთაშორისო დღეს ეროვნული არქივის ახალი გამოცემების პრეზენტაცია მიეძღვნა

10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს, ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართა.

2016 წელს ეროვნული არქივის გამოცემებს შეემატა: „ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“; „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“; „ჩვენი არქივი - ჩვენი საუნჯე“.

გალერეის სტენდებში ახლებთან ერთად გამოფენილი იყო ეროვნული არქივის სხვა წიგნებიც, რომლებიც გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან გამოიცემოდა.

 

ინფორმაცია ახალი გამოცემების შესახებ:

 
1. ეროვნულ არქივში დაცული მოხატული ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ალბომ-კატალოგში „ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“ აქამდე გამოქვეყნებულ მასალასთან ერთად შესულია ისეთი მინიატურებიც, რომელთა შესახებ ინფორმაცია აქამდე არსებულ საცნობარო ლიტერატურაში მითითებული არ იყო. 

ალბომში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეროვნულ არქივში დაცულ მოხატულ ისტორიულ საბუთებს. ცალკე ადგილი ეთმობა საზედაო გრაფემებსა და დეკორს, როგორც ხელნაწერის გაფორმების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. 

იმ ახალ მასალაში, რომელიც წიგნში შევიდა, გამორჩეულია ისტორიულ პირთა პორტრეტები - საზედაო გრაფემებში ჩართული მეფეების გამოსახულებები (ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებლი, თამარ მეფე). 

ორენოვანი წიგნი დახმარებას გაუწევს  მინიატურისტიკის ისტორიის მკვლევარებს იმდენად, რამდენადაც გამოქვეყნებული მასალა საერთო მოზაიკის ერთი დიდი მონაკვეთია, რომლის საზოგადოებამდე მიტანა და სამეცნიერო მიმოქცევაში შესვლა აუცილებელია ქართული მინიატურის ხელოვნების სრული სურათის წარმოსაჩენად.


2. „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“ - წიგნში წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული ის მასალა, რომელიც 2016 წლისათვის UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრშია შესული: 1) ვახუშტი ბატონიშვილის „ატლასი“ და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და 2) ეროვნულ არქივში დაცული 8 უძველესი ხელნაწერი.

ქართული კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული მემკვიდრეობა პირველი ნაშრომია, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ-კარტოგრაფიულ დახასიათებას გვაძლევს. 

რაც შეეხება განსაკუთრებული მნიშვნელობისა და უძველესი ტრადიციის მატარებელ 8 ხელნაწერს, მათი ძირითადი ნაწილი IX-XI საუკუნეებში შეიქმნა და გადაიწერა. წიგნში წარმოდგენილი მასალა ქართული ხელნაწერი წიგნის განვითარების ადრეულ პერიოდს განეკუთვნება. ამას ემატება პალიმფსესტის სრულიად უნიკალური ნიმუშები, რომლებიც ამ გამოცემის მეშვეობით ფართო საზოგადოებას პირველად წარუდგინეს.

წიგნი შესრულებულია ორ (ქართულ და ინგლისურ) ენაზე და განკუთვნილია საზოგადოების ფართო წრისათვის.


3. „ჩვენი არქივი - ჩვენი საუნჯე“ პოპულარული ხასიათისაა, მასში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა: სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის კოლექციები, პირადი არქივები, მმართველობითი ფონდები, ფოტოები, ნახატები, ნახაზები, რუკები, აფიშები, მემორიალური ნივთები. 

წიგნი თემატურადაა დაყოფილი და რამდენიმე ბლოკისაგან შედგება: ისტორიული საბუთები; ხელნაწერ წიგნთა კოლექცია; უცხოური ხელნაწერები და ისტორიული საბუთები; მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ავტოგრაფები და ა.შ. გამოცემაში, ერთი მხრივ, გვხვდება საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, ხოლო, მეორე მხრივ - მასალა, რომელიც პირველად ქვეყნდება. 

წიგნი ორენოვანია და განკუთვნილია საზოგადოების ფართო წრისათვის.