საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა.
ამიერიდან ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ადგილზე ჩაუტარდება.
ქუთაისის ცენტრალური არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, ინვენტარითა და სარესტავრაციო მასალით. რესტავრატორებმა კი კვალიფიკაცია თბილისში მდებარე ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში აიმაღლეს.
ახალი ლაბორატორია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა დაათვალიერა.
ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია XVIII საუკუნიდან დღემდე შექმნილი დოკუმენტები − ქუთაისის ქალაქის მმართველობის (1875-1919 წლები), ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს (1846-1918 წლები), ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს (1837-1917 წლები), იმერეთის ეპარქიული კანცელარიის (1819-1921 წლები) და სხვა ფონდები. უნიკალურ დოკუმენტებს შორის შეხვდებით იმერეთის მეფეების − სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის – სიგელებსა და წყალობის წიგნებს; მოსახლეობის აღწერის მასალებს; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა ავტოგრაფებს და სხვა მასალებს.