აპრილი 548
en

კინორეჟისორმა გია ჭუბაბრიამ ეროვნულ არქივს საკუთარი ფილმების ფირები გადასცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს რეჟისორმა, კინოდოკუმენტალისტმა გია ჭუბაბრიამ მისი ავტორობით შექმნილი 15 დოკუმენტური ფილმის კინოფირები საჩუქრად გადასცა.
ფილმები გადაღებულია გასული საუკუნის 60-90-იანი წლებში, მათ შორის არის: „ომალო“ (1968); „თეთრი თორღვაი“ (1969);  „თეთრი ზღაპარი“ (1972);  „იაპონური ჩანახატები“ (1975); „ადამიანი ხომალდები“ (1976); „რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან“ (1976); „ცეცხლში ნაწრთობი“ (1977), „ორაგულის ბედი“ (1979); „ჩვენ ქურთები ვართ“ (1979); „ჩოგოვაძეები“ (1983), „ჩუქურთმის საგალობელი“ (1988); „ქართველთა ჯვრის მონასტერი“ (1989); „ცხინვალი გუშინ, დღეს“ (1992), „გზა თავისუფლებისაკენ“ (1993).
განსაკუთრებით აღსანიშნავია დოკუმენტური ფილმი „ქართველთა ჯვრის მონასტერი“, რომელიც მოგვითხრობს იერუსალიმის ქართველთა მონასტერზე და ასახავს 1980-იანი წლების დასასრულს იქ არსებულ მდგომარეობას.
ფილმების უმეტესობა საერთაშორისო კინოფესტივალებზე იყო წარმოდგენილი და მიღებული აქვს მრავალი პრიზი და ჯილდო.
ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის კინოგანყოფილებაში უკვე დაწყებულია ამ ფილმების ტექნიკური ექსპერტიზა და საარქივო დამუშავება. უახლოეს დროში დამზადდება მათი ელექტრონული ვერსიები, რაც მკვლევარებს საშუალებას მისცემს, ეროვნული არქივის კინოკოლექციის ახალ შენაძენს გაეცნონ.