საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და კინოსტუდია „ქართული ფილმი“, არქივების საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, 6 ივნისს, 13:00 და 15:00 საათზე ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების სეანსებს გამართავს.
არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააწესა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივთა საერთაშორისო საბჭოს დაარსებას. მიმდინარე წელს კვირეული 3 ივნისს დაიწყო და 9 ივნისამდე გასტანს.
ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თანამშრომლობით 2018-2019 წლებში დაიწყო პროექტი „რე-ანიმაცია“, რომლის ფარგლებშიც ამ დრომდე ცხრა ქართული ანიმაციური ფილმი ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადაიტანეს და რესტავრაცია ჩაუტარეს.
პროექტის შედეგად 1960-1980-იანი წლების ანიმაციური ფილმები დიდ ეკრანს ათწლეულების შემდეგ დაუბრუნდა. ფილმებს შორისაა: „წუნა და წრუწუნა“ (1962 წელი); „ბომბორა სწავლას იწყებს“ (1973 წელი); „სახლობანა“ (1973 წელი); „საზამთრო“ (1974 წელი); „თერძი ბესო“ (1977 წელი); „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“ (1983 წელი); „ყარყატის შვილობილი“ (1985 წელი); „სანუკვარი ოცნება“ (1989 წელი).
სეანსებზე დასწრება თავისუფალია.