ოქტომბერი 548
en

ივანე დვალის ფოტომატიანე

დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვული არქივის საგამოფენო პავილიონში, ფოტოფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში, ექსპოზიცია „ივანე დვალის ფოტომატიანე“ გაიხსნა.

ფოტოგრაფი, კონსტრუქტივიზმის ოსტატი ივანე დვალი „საქინფორმში“ მოღვაწეობდა. „მის ნამუშევრებში აისახა საბჭოთა საქართველოს სინამდვილე, სადაც რთულ კომპოზიციებში ინდუსტრიალიზაციის ნამდვილი სახე ჩნდება. ივანე დვალის ოსტატობა საქინფორმის მდიდარი და ნაყოფიერი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია. იდეოლოგიური ვალდებულებების მიუხედავად, მან იმდროინდელ ცხოვრებასა და ყოფასთან, ყოველდღიურობის ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული მაღალმხატვრული და რეალისტური ფოტომემკვიდრეობა შექმნა. კიდევ უფრო დიდია ივანე დვალისა და საქინფორმის ფოტოგრაფთა ნამუშევრების მნიშვნელობა იმ მხრივაც, რომ მათ მიერ შექმნილი პორტრეტები ცხადყოფენ იმ პერიოდის ნამდვილ ყოფასა და განწყობას. მემატიანის ეს ისტორიული როლი საქინფორმმა და ივანე დვალმა დიდი ოსტატობით იტვირთეს“, ამბობს გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლიკა მამაცაშვილი.

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა თემატიკის 70-მდე ფოტო, რომელიც ეროვნულ არქივში დაცულ „საქინფორმის“ კოლექციაშია გაერთიანებული. ფოტოებზე ასახულია თბილისის, აფხაზეთის ქალაქების ხედები, ინდუსტრიული საქართველო – რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჭიათურის მაღარო, ქუთაისის ავტოქარხანა და სხვა.

დღესვე ივანე დვალს ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრემია გადაეცა.

გამოფენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 10 მაისამდე გაგრძელდება.