ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკისა და არქივის დელეგაცია დღეს საქართველოს ეროვნულ არქივს ეწვია და გენერალური დირექტორ თეონა იაშვილთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, რასაც ხელს შეუწყობს დღეს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ამ პროცესში პრიორიტეტი მიენიჭება ირანელი და ქართველი მკვლევარებისათვის სამეცნიერო მუშაობაში ხელშეწყობას, ასევე, გამოცდილების გაზიარებას დოკუმენტების დაცვისა და რესტავრაციის მიმართულებით.
ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის კულტურის საკითხებში მრჩევლის, ირანის ეროვნული ბიბლიოთეკისა და არქივის დირექტორის ალიაქბარ აშარის ხელმძღვანელობით საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით 8 ივნისს ეწვია.
შეხვედრის შემდეგ თეონა იაშვილმა სტუმრებს ეროვნულ არქივში დაცულ სპარსული საბუთების კოლექცია დაათვალიერებინა.
საქართველოს ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული სპარსული დოკუმენტების კოლექცია შედგება 1237 საბუთისგან, რომლებიც XVI-XX საუკუნეებით დათარიღებულ შაჰის ფირმანებს (ბრძანებებს), ოქმებს, ნასყიდობის წიგნებს, წერილებს, არზებს შაჰის ან საქართველოს მეფის რეზოლუციებით, სავაჭრო გარიგებათა ხელწერილებს მოიცავს.
სპარსული საბუთების მასალად გამოყენებულია აღმოსავლური წარმოშობის ქაღალდი, აგრეთვე, ნარინჯისფერი და ყვითელი ქაღალდი ოქროს ვარაყით. დოკუმენტების უმრავლესობა მოხატულია ლურჯი, წითელი და მწვანე ფერის ორნამენტებით.