ოქტომბერი 548
en

„ინტერპრესნიუსის“ ათწლიანი ფოტოარქივი ეროვნულ არქივში შეინახება

 

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსსა“ და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, საინფორმაციო სააგენტო ეროვნული არქივს გადასცემს  ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ამსახველი ფოტომასალის ელექტრონულ ვერსიას.
ეროვნული არქივი, თავის მხრივ, აღრიცხავს, შეინახავს და დაიცავს ფოტომასალას და მას გამოიყენებს „ინტერპრესნიუსის“ წერილობითი თანხმობითა და სააგენტოს საავტორო უფლებების დაცვით. 
„მოხარულები  ვართ, რომ ჩვენს ინიციატივას ეროვნული არქივის ფონდების ახალი მასალებით შევსებასთან დაკავშირებით პირველი „ინტერპრესნიუსი“ გამოეხმაურა. ამ საინფორმაციო სააგენტოს ფოტომასალით ეროვნულ არქივში ახალი ფონდები შეიქმნება, სადაც შევა ბოლო ათწლეულის განმავლობაში „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტების გადაღებული ფოტოები. ეს, გარკვეულწილად, შეავსებს იმ ვაკუუმს, რომელიც არქივის ფონდებში ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა“, - განაცხადა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.  
თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიასთან ერთად, დღესვე მოეწყო „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა. სააგენტოს მთავარი რედაქტორის ბაია ცანავას ინფორმაციით, „ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 70-მდე ფოტო ასახავს ქვეყნის უახლესი ისტორიის სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდს. გამოფენისთვის საგანგებოდ შეირჩა ისეთი ფოტომასალა, სადაც საზოგადოების ცნობილი სახეები, ქართველი პოლიტიკოსები თუ ქვეყნის სტუმრები განსხვავებული, საინტერესო და უჩვეულო რაკურსით არიან აღბეჭდილნი“. 
სააგენტო, არსებობის 10-წლიან პერიოდში, არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თუ კულტურული მოვლენის  მომსწრეა. სააგენტოს ჟურნალისტებსა და ფოტოკორესპონდენტებს წლების განმავლობაში, მუდმივად უწევთ ქვენისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. სააგენტოს ფოტოარქივი, ფაქტობრივად, საქართველოს უახლესი ისტორიის მატიანეს წარმოადგენს. 
ექსპოზიციისთვის შერჩეულია ისეთი ფოტოები, რომლებიც გამოფენაზე მოსულ საზოგადოებას ღიმილიან განწყობას შეუქმნის. ამასთან, ფოტოების შერჩევისას სააგენტომ გვერდი ვერ აუარა ქვეყნის უახლესი წარსულის ტკივილიან ეპიზოდებს და რამდენიმე ფოტო ამ სერიიდანაც არის შერჩეული.  ამასთან, საგამოფენო დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე ნაჩვენები იქნება  დამატებით სამასზე მეტი ფოტო. 
პროექტის მხარდამჭერია კომპანია „ჯეოსელი“, ასევე პროექტის პარტნიორები არიან ღვინის კომპანიები - „შუმი“ და „ბაგრატიონი 1882“.