ეროვნულ საარქივო ფონდს გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ვეკუას პირადი ფონდი შეემატა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, მრავალი უცხოური მეცნიერებათა აკადემიისა თუ საზოგადოების წევრის პირადი დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ არქივს მისმა შვილიშვილებმა - პროფესორებმა მარინე ვეკუამ და ილია თავხელიძემ უსასყიდლოდ გადასცეს.
„ეროვნული არქივი არის ის ორგანიზაცია, სადაც ილია ვეკუას არქივი იქნება სათანადოდ მოვლილი და დაცული. ჩვენი სურვილია, ყველა დაინტერესებული მკვლევარისათვის ეს საარქივო მასალები ხელმისაწვდომი გახდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მარინე ვეკუამ.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის თქმით, არქივში დაცულ მასალებს შორის ილია ვეკუას პირადი ფონდი გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.
ილია ვეკუას პირადი არქივი მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი მოიცავს მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტებს, მათ შორის: სამეცნიერო ნაშრომებს, საქმიან წერილებსა და დღიურებს, უბის წიგნაკებს, ქართულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ჯილდოებს, ადრესებს, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს, მადლობის წერილებს, ეპოქისთვის მნიშვნელოვან ფოტოსურათებს.
სათანადო შესწავლისა და სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების შემდეგ ილია ვეკუას პირადი ფონდი საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში შეინახება. ფონდი მკვლევართა დარბაზის მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.