ოქტომბერი 548
en

გიორგი ბეჟანიშვილის პირადი ფონდი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდების მიმოხილვა თბილისის ცენტრალურ არქივში დაცული გიორგი ბეჟანიშვილის პირადი ფონდით გრძელდება.
ინჟინერის, საზოგადო მოღვაწის გიორგი ბეჟანიშვილის ფონდში დაცული მრავალფეროვანი და მდიდარი მასალა 1848-1974 წლებს მოიცავს.
გიორგი ბეჟანიშვილი 1931-1954 წლებში არჩეული იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ყველა მოწვევის დეპუტატად. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას მუდმივად ჰქონდა შეხება დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებთან. იგი უყურადღებოდ არ ტოვებდა თბილისში მომხდარ არც ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, თვალს ადევნებდა საქალაქო მეურნეობის ყველა სფეროში მიმდინარე პროცესებს, აგროვებდა ქალაქის ისტორიის ამსახველ დოკუმენტებს.
პირადი ფონდი 2000 შესანახ ერთეულს მოიცავს. დოკუმენტებში ასახულია თბილისის ისტორია მისი დაარსების დღიდან. გიორგი ბეჟანიშვილის მიერ შეგროვილი მასალები და ცნობები თბილისის შესახებ წარმოდგენილია ზუსტი თარიღებით და სათანადო განმარტებებით. ფონდში გაერთიანებულია: გეგმები, ნახაზები და პროექტები: „თბილისის 1910 წლის გეგმა“; „თბილისის აღმშენებლობა 1833-1935 წლებში შედგენილი ქალაქის გეგმის მიხედვით“; „ბალნეოლოგიური კურორტის დაგეგმარება“; „თბილისის დაგეგმარების გენერალური სქემის ორი ვარიანტი“; „თბილისის წყალმომარაგების რესურსების სქემა-ნახაზი“; „ლურჯი მონასტრის“, „ჯვარის მამის“, „ანჩისხატის“, „კარის წმინდა გიორგის“ პროექტები; „აბანოების გეგმარი“; ქალაქის რეკონსტრუქციის არქიტექტურული ესკიზები; თბილისის მოსახლეობის განლაგების, ტერიტორიის ათვისებისა და განაშენიანების სქემები. 
გიორგი ბეჟანიშვილს უამრავი ნაშრომი აქვს საქართველოს დედაქალაქის ისტორიის შესახებ - „რუსთაველის პროსპექტი და მოედანი“; „თბილისის ტრანსპორტი“; „თბილისის პარკები“; „საგარეუბნო კურორტები“; „ქალაქის მშენებლობა“; „თბილისის ბალკონ-აივნები“; „თბილისის ხიდები“; „თბილისის სანაპიროები“; „საბაგირო გზები“; „თბილისის მუზეუმები“ და სხვ.
გიორგი ბეჟანიშვილის ფონდში ასევე დაცულია ფრანგი მოგზაურის შარდენის (1673 წელი), ფრანგი ბოტანიკოსის ტურნეფორის (1701 წელი) და ვახუშტი ბატონიშვილის (1735 წელი) მიერ დაფიქსირებული თბილისის საერთო ხედების ჩანახატების ფოტორეპროდუქციები.
ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.