ოქტომბერი 548
en

გიგლო ყარალაშვილის ფოტოგამოფენა ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 26 ოქტომბერს, 17.00 საათზე, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში XIX-XX საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე ქართველი გენერლის, მომღერლის, ფოტოგრაფის, ართანელი თავადების ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის გიგლო ყარალაშვილის უნიკალური ფოტოების გამოფენა გაიხსნება. ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ ამ მასშტაბით პირველად გამოიფინება.

კოლექცია, ძირითადად, მოიცავს 1900-1910-იან წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - საფრანგეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში - მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს. გენერლის ობიექტივს აღუბეჭდავს, ასევე, თბილისში გამართული სამხედრო სადღესასწაულო მარშები, კერძო პირების საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შეკრებები და სხვა. მისი ფოტოკოლექციის უნიკალურობის ერთ-ერთი მახასიათებელი სტერეო გამოსახულებაა, რაც მის მიერ გადაღებულ კადრებს განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს. 

სამხედრო ჩინოსნისა და კულტურის მოამაგის ფოტოკოლექცია, რომელიც 770 ნეგატივსა და 60 პოზიტივს აერთიანებს, გიგლო ყარალაშვილის ოჯახმა 1963 წელს საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა.

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ექსპოზიცია 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.