საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში დღეს გამოფენა - ,,ქუთაისი - დემოკრატიული საქართველოს წიაღში’’ - გაიხსნა.
გამოფენა ახალგაზრდა მკვლევრების: ანა ბაქანიძისა და თამთა გრიგოლიას ავტორობით მომზადდა და ქალაქ ქუთაისის მერიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილია საუკუნისწინანდელ ქუთაისთან დაკავშირებული ვიზუალური თუ შინაარსობრივი მასალა. მათ შორისაა საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სხვადასხვა პირად არქივში დაცული თუ ძველ ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალები.
საგამოფენო ექსპონატებზე ასახულია: ქართველი მწერლების შეკრება ქუთაისში პოეზიის დღის აღსანიშნავად, ძველი ქუთაისის შენობა-ნაგებობები, ქუჩებისა და ხედების, საცხოვრებელი სახლების ფოტოები და პროექტები, სპორტული საზოგადოება „შევარდენი“ ქუთაისში, მეზობელი სოფლებიდან რიონით შეშის შემოზიდვის პროცესი, ქუთაისელი ხელოსნები და ქუთაისელი სემინარიელები და სხვ.
პრესის მასალაში თავმოყრილია სხვადასხვა ინფორმაცია იმ პერიოდის ქუთაისთან დაკავშირებით: როგორ აღინიშნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი ქუთაისში; ინფორმაცია ქუთაისელი მოსწავლეების მიერ სალიტერატურო ჟურნალის - “წინსვლის ემბლემა“ - გამოცემის შესახებ; მელიტონ ბალანჩივაძე მიერ ქუთაისში სამუსიკო სკოლის გახსნის თაობაზე; ქუთაისში „თავისუფალი ესთეტიკის საზოგადოების“ დაარსების შესახებ და ა.შ.
გამოფენა ქუთაისის ცენტრალური არქივის საგამოფენო დარბაზში 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მისამართი: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქ. #20ა