მარტი 548
en

გამოფენა „ღვინობისთვე“ შაშიანის საზოგადოებრივ ცენტრში

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ეროვნული არქივის ორგანიზებით გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანის საზოგადოებრივ ცენტრში 16 სექტემბერს გაიმართა გამოფენა  „ღვინობისთვე“, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის  ამსახველი ფოტომასალა. ამასთან, ცენტრში გამოიფინა სოფელ შაშიანთან დაკავშირებული, ეროვნულ არქივში დაცული რამდენიმე ისტორიული დოკუმენტი. 

ღონისძიება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიცირებით დაიგეგმა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიების მიზანი  საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით  ადგილობრივი მოსახლეობისთვის საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალების გაცნობა იყო.

გამოფენა  „ღვინობისთვე“ მოიცავს: მე-19-მე-20 საუკუნეებში დიმიტრი ერმაკოვისა და კონსტანტინე ზანისის მიერ გადაღებულ ფოტოებს, მასალებს „საქინფორმის“ კოლექციიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატების - უძველესი სასმისების - ფოტოებს, „მეღვინეობა ხარებაში“ გადაღებულ თანამედროვე ფოტომასალას.

ექსპოზიცია დაათვალიერა ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათ შორის  შაშიანის სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა,  ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.