დეკემბერი 548
en

გამოფენა-აქცია ”ისტორიული ტაო-კლარჯეთი”

ახალციხე - ტაო-კლარჯეთის ეპარქიის სოფელ არალის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მონაწილეობით სასტუმრო"შერატონ მეტეხი პალასში" ღონისძიება"ისტორიული ტაო-კლარჯეთი" გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1745 წელს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი სამცხე-საათაბაგოსა და ერთიანი საქართველოს რუკების ფოტორეპროდუქციები, ასევე ტაო-კლარჯეთში არსებული ეკლესია-მონასტრების: ბანას, წყაროსთავის, დოლისყანას, არტანუჯის, ოთხთა ეკლესიის, ხახულის, იშხანის, ოპიზას, ტბეთის, ოშკის ფოტოები, რომლებიც მე-19 საუკუნის მიწურულს ცნობილი ფოტოხელოვანის დიმიტრი ერმაკოვის მიერაა გადაღებული.
ეროვნული არქივის ხელმძღვანელის თეონა იაშვილის ინფორმაციით, "დღევანდელი ღონისიძიება სოფელ არალის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვრის, მამა იოსების ინიციატივით გაიმართა. თანაორგანიზატორი იყო ეროვნული არქივი. გამოფენაზე წარმოდგენილია მე-19 საუკუნის მიწურულს სამხრეთ საქართველოს, ამჟამად კი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრების ფოტოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყაროსთავის ტაძრის ფოტო, რომელიც, სამწუხაროდ, დღეისათვის აღარ არსებობს და იგი მხოლოდ ფოტოზე შემოგვრჩა".
"ისტორიულ ტაო-კლარჯეთში" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფოტოკოლექციიდან წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის თურქეთის ქართველების ყოფის ამსახველი ფოტოები, ასევე წყაროსთავის სახარების (X ს.) ფოტორეპროდუქცია.
გარდა ამისა, საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს სოფელ არალის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა, სარეაბილიტაციო ცენტრ "რეას" აღსაზრდელებმა, პიანისტმა სალომე ჟორდანიამ და ფოლკლორული ანსამბლებმა: "ფესვები" და "თუთარჩელა" .