აგვისტო 595
en

გაბრიელ ქიქოძის პირადი ფონდის მიმოხილვა გამოქვეყნდა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული, სასულიერო მოღვაწის, მეცნიერის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის, წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის პირადი ფონდის მიმოხილვა გამოაქვეყნა. 
გაბრიელ ქიქოძე დაიბადა 1825 წელს, ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. მან განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში, პეტერბურგის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიიღო. 
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში რექტორის თანაშემწედ, 1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად ეკურთხა და დავით-გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი გახდა. 1858-1860 წლებში გორის ეპისკოპოსი, ხოლო 1860 წლიდან გარდაცვალებამდე იმერეთის ეპისკოპოსი იყო. 
გაბრიელ ქიქოძე თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ მუშაობასაც. ავტორია ნაშრომისა `ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები~. იგი ითვლებოდა საუკეთესო მოქადაგედ. მისი ქადაგებების დიდი ნაწილი გამოიცა რუსულ და ინგლისურ ენაზეც. იყო ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე. 
გაბრიელ ქიქოძე გარდაიცვალა 1896 წელს. დასაფლავებულია ქუთაისში, გელათის ღმრთისმშობლის ეკლესიაში. მისი გარდაცვალების შემდეგ საზოგადო მოღვაწემ მელიტონ კელენჯერიძემ გადაწყვიტა, გაბრიელ ქიქოძესთან დაკავშირებით შეეგროვებინა მისი მოღვაწეობის ამსახველი ცნობები. ამისათვის საგანგებოდ შეიმუშავა კითხვარი, რომლის მიხედვითაც გაბრიელ ეპისკოპოსზე შემოგვინახა მისი თანამედროვე სასულიერო და საერო მოღვაწეთა მოგონებები. სწორედ ეს მასალები შევიდა გაბრიელ ქიქოძის პირად ფონდში, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდს 1963 წელს მიხეილ ქიქოძემ გადასცა. 
პირად ფონდში დაცულია, ასევე: გაბრიელ ქიქოძის ქადაგებანი და რელიგიურ  დღესასწაულებზე წარმოთქმული სიტყვები. მიწერ-მოწერა: იაკობ გოგებაშვილთან, ბარონ ნიკოლაისთან, ათონის ქართველთა მონასტრის ბერებთან, დიმიტრი ფურცელაძესთან და სხვა პირებთან. 
პირად ფონდში დაცული მასალები მოიცავს 1849-1917 წლებს.