ოქტომბერი 548
en

ეროვნულმა არქივმა 90 წლის იუბილე აღნიშნა

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის 90 წლის იუბილე ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. გაიხსნა ფოტოგამოფენა „საქართველოს ქალაქები“ და გაიმართა 2011 წლის კალენდრისა და ეროვნული არქივის პერიოდული გამოცემის, განახლებული ჟურნალის „საისტორიო მოამბის“ პრეზენტაცია. 
გარდა ამისა, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ეროვნული არქივის თანამშრომლებს საპატიო სიგელები გადასცა, ხოლო ქვაშვეთის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მიქაელ ფოფხაძემ სიგელებით დააჯილდოვა არქივის ის თანამშრომლები, რომელთაც 2010 წლის 23 ნოემბერს ტაძრის 100 წლის იუბლესთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებაში თავისი წვლილი შეიტანეს. 
ღონისძიების გახსნისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ ეროვნულ არქივის ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2010 წელი საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების საზოგადოებისათვის გაცნობის კუთხით განსაკუთრებით საინტერესო იყო. 
თეონა იაშვილის თქმით, „ათწლეულების განმავლობაში ეროვნულ არქივში მდიდარი მასალა შეგროვდა, რომელიც დღეს წარმოდგენილია გამოფენაზე, გამოყენებულია 2011 წლის კალენდარში და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო სტატიები „საისტორიო მოამბეში“. 
საქართველოში თანამედროვე არქივებს საფუძველი ჩაეყარა 1920 წლის 23 აპრილს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ. 
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილია კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ფოტო, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის 40-იან წლებამდეა გადაღებული. 2011 წლის კალენდარი სწორედ ამ თემაზე აიგო. 
პერიოდული გამოცემა „საისტორიო მოამბეს“ ახალ ნომერში შესულია სამეცნიერო სტატიები, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალებს შეეხება. სტატიების ავტორები არიან როგორც ეროვნული არქივის თანამშრომლები, ისე სხვა მეცნიერები. სტატიები შეეხება: მეფე ერეკლე მეორეს საბუთებს; ქართველოლოგ აკაკი შანიძეს; ხელოვნების ისტორიკოს გიორგი ჩუბინაშვილს; ანტისაბჭოთა აჯანყებას სვანეთში; ბოდბის ეკლესიას რუსეთის საეკლესიო რეფორმამდე და შემდგომ; ჭოროხის ხეობის სიძველეებს და ა.შ.
ფოტოგამოფენა ერთ კვირას გაგრძელდება და მისი დათვალიერება თავისუფალია.