აგვისტო 595
en

ეროვნული არქივისა და გიორგი კაკაბაძის დოკუმენტური ფილმი საერთაშორისო ფესტივალზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „საბჭოთა საქართველო“ მონაწილეობს საერთაშორისო  მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალში, რომელიც 9–12 ოქტომბერს ქალაქ კიევში გაიმართება. 
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად 8 ოქტომბერს საქართველოდან უკრაინაში გაემგზავრებიან ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და რეჟისორი გიორგი კაკაბაძე. 
ფილმზე მუშაობა 2009 წლის იანვრიდან დაიწყო  და 2009 წლის აგვისტოში დასრულდა. ამავე თვეში იგი კიევის საერთაშორისო  მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე „Покров“ (მფარველი) გაიგზავნა. ფილმმა წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპი და ფესტივალის ძირითადი კონკურსის ნუსხაში მოხვდა. 
დოკუმენტური ფილმი „საბჭოთა საქართველო“, რომლის ხანგრძლივობა 75 წუთია,  შექმნილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ვიზუალური და წერილობითი ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე. ამასთან, ფილმი შეიცავს დადგმულ სცენებს და გაფორმებულია მხატვრული სადიქტორო ტექსტით. 
ფილმში ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა აღწერილი სამოცდაათწლიანი საბჭოთა ცხოვრება და ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორც საქართველოში, ისე, ზოგადად, საბჭოთა კავშირში. აქცენტი გადატანილია ქართული საზოგადოების ყოფაზე ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. 
ამ ეტაპზე არსებობს ფილმის ქართული და რუსული ვერსია, ხოლო ინგლისურ ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა.