„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ - ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტი ტრადიციისთვის იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშების - ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ორიგინალები და ფოტოასლები, რომლებიც ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს ასახავს.
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს როგორც ქართველ მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები. მათ შორისაა: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე), XII-XIII საუკუნეების მინიატურული სახარება, ასევე, მინიატურული ლოცვანი, ჰიმნოგრაფიული კრებული, პალიმფსესტური სახარება, მარხვანი და სამოციქულო, გიორგი ერისთავის „გაყრა“ (XIX საუკუნე), დავით თუმანიშვილის საისტორიო კრებული (XIX საუკუნე), მეფეების: გიორგი მეორის, დავით IV აღმაშენებლის, თამარის, ლაშა-გიორგის სიგელები; არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, კათოლიკოს ანტონ პირველის საბუთები და სხვა.
გამოფენა გალერეაში 25 დეკემბრამდე გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.