ოქტომბერი 548
en

ეროვნული არქივის კულტურფილმები აშშ-ის ქართული ფილმების რეტროსპექტივაზე

ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMa), ბერკლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (BAM) და Pacific Film Archive (PFA) დღეიდან ქართული ფილმების მასშტაბურ რეტროსპექტივას - „ აღმოაჩინე ქართული კინო“ - მასპინძლობს. 

რეტროსპექტივის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 45 ფილმი, მათ შორის ქართული უხმო კინო, საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა და ახალი ქართული ფილმები. ნიუ-იორკისა და ბერკლის შემდეგ, ფილმების ჩვენება ვაშინგტონსა და ტორონტოშიც შედგება. 

16 ოქტომბერს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აჩვენებენ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ ოთხ ფილმს: „მიწის ძახილი“ (1928, რეჟისორი სიკო დოლიძე); „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“  (1930, რეჟისორი კოტე მიქაბერიძე); „დილის ათი წუთი“ (1931, რეჟისორი ალექსანდრე ჯალიაშვილი); „კოლმეურნის ჰიგიენა“  (1934, რეჟისორი ვახტანგ შველიძე). ამავე ფილმების ჩვენება PFA-ში 19 ოქტომბერს გაიმართება. მაყურებელს ფილმებს წარუდგენს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილე, კინომცოდნე ნინო ძანძავა.  

ამასთან, რეტროსპექტივის ფარგლებში PFA ატარებს ქართული კინოს ხუთკვირიან კურსს, რომლის მიმდინარეობისას ჩატარდება ლექციები და ნაჩვენები იქნება ქართული ფილმები. ღონისძიების ფარგლებში ნინო ძანძავა ისაუბრებს თემაზე: „არქივისტების საქმიანობის გამოწვევები საქართველოში“ და მაყურებელს წარუდგენს მხატვრულ ფილმს „ნატვრის ხე“. 

ქართული ფილმების მსგავსი მასშტაბური ჩვენება მხოლოდ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში პარიზში, პომპიდუს ცენტრში გაიმართა.რესტოსპექტივა მომზადდა კალიფორნიის უნივერსიტეტის, ბერკლის ხელოვნების მუზეუმის,  Pacific Film Archive-სა და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლობით.

ქართული მხრიდან ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.ქართული ფილმების რეტროსპექტივა 2015 წლის მაისში დასრულდება. 

დაკავშირებული ბმულები: 

http://www.moma.org/visit/calendar/films/1510;

http://press.moma.org/wp-content/files_mf/discoveringgeorgiancinema_bampfabrochure.pdf 

http://www.bampfa.berkeley.edu/filmseries/olli_georgian