საქართველოს იუსტიცის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა პროექტი - „აუდიოწიგნები“ - განახორციელა. ეროვნული არქივის ვებგვერდსა და www.soundcloud.com-ზე 18 მწერლის 53 ლიტერატურული ნაწარმოების აუდიოვერსია უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი, ასევე პროექტისათვის შეიქმნა www.facebook.com-ის სპეციალური გვერდი - ეროვნული არქივის აუდიოწიგნები.
ქართველი მწერლების ნაწარმოებების აუდიოვერსია 1960-2014 წლებშია შექმნილი და ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ინახება. ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ჭაბუა ამირეჯიბისა და სხვათა ნაწარმოებებს კითხულობენ მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, გურამ საღარაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ტარიელ საყვარელიძე და ლიტერატორი თამაზ კვაჭანტირაძე.
პროექტის პირველ ეტაპზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ჩანაწერები თემატურად შეირჩა, ტექნიკურად დამუშავდა, ციფრული ასლები დამზადდა და ინტერნეტსაიტებზე აიტვირთა. სამომავლოდ აუდიოწიგნებს დაემატება ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში ჩაწერილი თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებები.
„აუდიოწიგნები“ „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკის“ შემდეგ მეორე პროექტია, რომელიც მსმენელს ეროვნულ არქივში დაცულ მასალებზე უფასო ხელმისაწვდომობას სთავაზობს. პროექტები, პირველ ყოვლისა, შექმნილია მოზარდებისა და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საქართველოს ფარგლეგარეთ ცხოვრობენ.