სექტემბერი 548
en

ეროვნული არქივი კერძო კოლექციების შემომწირეველებს უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი 26 დეკემბერს 16:00 საათზე გამართავს იმ მოქალაქეების მიღებას, რომელთაც ეროვნულ არქივს საჩუქრად გადასცეს მათ საოჯახო არქივებში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე დოკუმენტები.

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

ეროვნული არქივისთვის ნაჩუქარი დოკუმენტები შინაარსის მიხედვით მრავალფეროვანია. ამ მასალებისგან, რიგ შემთხვევაში, შეიქმნა პირადი ფონდები, ნაწილი კი დაემატა იმ კოლექციებს, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდში უკვე არსებობდა.

დოკუმენტების მიღების შემდეგ საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივებში მასალები საარქივო წესით დამუშავდა, შედგა აღწერები და ხელმისაწვდომი გახდა მკვლევართათვის.

ამავე ღონისძიების ფარგლებში ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართება 2013 წლის კალენდრის პრეზენტაცია, სადაც შესულია „საქინფორმის“ კოლექციაში დაცული, 1960-1990-იან წლებში გადაღებული ფოტოეტიუდები.

გთავაზობთ ჩამონათვალს იმ კოლექციებისა, რომელიც ეროვნულ არქივს 2011-2012 წლებში მოქალაქეებმა გადასცეს:

  • კომპოზიტორ სულხან ცინცაძის პირადი ფონდი, რომელიც არქივს გადასცა სულხან ცინცაძის მეუღლემ ლიანა ცინცაძემ. ფონდში შესულია: კომპოზიტორის პირველი და ბოლო ნამუშევრები, რომანსები, ოპერები, მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისთვის, საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართული კონცერტების აფიშები, ქართულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებლი სტატიები და სხვა;
  • ვახტანგ და გივი ჟორდანიების საოჯახო ფონდის შესავსებად მათი ოჯახის წევრი ალეკო ჟორდანია არქივს პერიოდულად აწვდის დოკუმენტაციას;
  • ენათმეცნიერ გურამ ბედოშვილის ვაჟმა ვასილ ბედოშვილმა მამის  პირადი ფონდი არქივს გადასცა. დოკუმენტებს შორისაა: დღიურები, ჩანაწერები, მოწმობები და სხვა;
  • ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორმა ომარ შუდრამ მისი და მამის სერგო შუდრას („დინამოს“ ფეხბურთელი 1940-იან წლებში) საოჯახო ფონდის შესავსებად არქივს გადასცა პირადი დოკუმენტები და ფოტოები;
  • კომპოზოტორ ია კარგარეთელის შვილიშვილმა ალექსანდრე კოპაძემ ეროვნულ არქივს კარგარეთელის ფონდის შესავსებად გადასცა კომპოზიტორის პირადი დოკუმენტები;
  • ნოტების საბეჭდი მანქანის გამომგონებლის, მუსიკოს ვასილ თამარაშვილის შვილიშვილმა ნოდარ ხითარიშვილმა არქივს გადასცა ვასილ თარაშვილის პირადი ფონდი;
  • ენათმეცნიერის ნიკო მარის ნათესავმა გიორგი ბალუაშვილმა არქივს გადასცა ნიკო მარის და მისი შვილის, ირანისტის იური მარის სამეცნიერო და ბიოგრაფიული ხასიათის დოკუმენტები;
  • რეჟისორმა მერაბ გაგუამ ეროვნულ არქივს გადასცა თავისი დოკუმენტური ფილმების ორიგინალი ფირები: „ჯადოქრობა“  (1988),   „სერჟანტი   ბართია“ (1981),  „მე,   მწყემსი“  (1975), „ქართული  მონეტები“  (1973), „თიბათვე“ (1980),  „ქართული   კოსტიუმები“ (1968), „ადამი  და  მთები“ (1985), „კეთილი  იმედის  მიწა“ (1991),  „დედა   ღვთისმშობელი“;
  • მუსიკოსმა დავით ცინცაძემ ეროვნულ არქივს გადასცა 2008 წელს მის მიერ გადაღებული ფილმი „შავნაბადა“ ფოლკლორულ ანსამბლ „შავნაბადას“ შესახებ;
  • რეჟისორმა გივი ყურელმა არქივს გადასცა თავისი დოკუმენტური ფილმების ფირები: „სიყვარულს  უშენებია“ (1968),  „გელბახიანი“  (1968),   „ხალიბი“ (1986),  „ქართველ   მედიკოსთა   სამჭედლო“   (1989),  „საქართველოს   ახალგაზრდობა“ და „მეუღლეები    დარჩნენ    მარტო“ (1995);
  • რეჟისორმა ლაშა ბაქრაძემ არქივს გადასცა მამის აკაკი ბაქრაძის ლექციებისა და საზოგადოების წინაშე გამოსვლების აუდიოჩანაწერები;
  • ნათელა კელაპტრიშვილმა არქივს გადაცა მისი მეუღლის, მუსიკოს ომარ კელაპტრიშვილის შემოქმედების ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა;
  • ცნობილი ქართველი მხატვრის ოთარ ჩხარტიშვილის შვილმა ნატა ჩხარტიშვილმა არქივს გადასცა მამის შესახებ 1880-იან წლებში რეჟისორ რუსლან ღონღაძის მიერ გადაღებული, დაუსრულებელი დოკუმენტური ფილმის მასალები;
  • მუსიკოსმა ნინო შველიძემ არქივს გადასცა 2010 წელს გამოცმეული კომპაქტდისკი „კავკასიელ ხალხთა მუსიკა“;
  • თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმის წარმომადგენელმა რუსუდან დაუშვილმა არქივს გადასცა ქართველი მსახიობების მიერ 1970-1990 წლებში შესრულებული საოპერო წარმოდგენების ფონოჩანაწერები;
  • ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა არქივს გადასცა კომპაქტდისკი – “ანზორ ერქომაიშვილი“;
  • ნინო ნანეიშვილმა არქივს გადასცა მგალობელთა   გუნდი   „იალონი“  ქართული   ტრადიციული   საეკლესიო გალობის.  კომპაქტდისკი (2011);
  • მედეა თაბუკაშვილმა არქივს გადასცა ექიმის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ღამბაშიძის მიერ 20-ე საუკუნის დასაწყისში გადაღებული მინის ფოტონეგატივები და სლაიდები, ასევე, ქართველი ემიგრანტის ვანო ქიქოძის გადაღებული ფერადი სლაიდები. ფოტოები შეემატა ღამბაშიძეებისა და ქიქოძის კოლექციებს;
  • რეზო და ნათელა ნიკოლაძეებმა არქივს გადასცეს 1890-1930-იან წლებში გადაღებული ფოტოები, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაკრძალვის კადრები (პარიზი, 1930 წელი), აკაკი წერეთლის დაკრძალვის კადრები, ძველი თბილისის ფოტოების რეპროდუქციები და სხვა;
  • ლია წილოსანმა არქივს გადასცა 1967-1980-იან წლებში თბილისში ფოტოგრაფ ლევან პაატაშვილის გადაღებული შავ-თეთრი და ფერადი ფოტოების კოლექცია, მიხეილ ქობალიანს პირად არქივში ინახებოდა;
  • დავით ჩარგეიშვილმა არქივს საჩუქრად გადასცა მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე გადაღებული 5 ცალი ქაღალდზე ნაბეჭდი ფოტო, რაც ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობის დოკუმენტებს წარმოადგენს;
  • ეროვნული არქივის თანამშრომელმა ვერა ქიქოძემ არქივს საჩუქრად გადასცა მისი ბაბუის, მხატვარ ვლადიმერ ქიქოძის სამი ნამუშევარი („ნიკორწმინდა“ (1974), „გრემი“ (1969), დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი (1968), რომლებიც შესრულებულია მუყაოზე ზეთის საღებავებით.