საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველოს კურორტები“ გრძელდება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1920-2000-იან წლებში გადაღებული საქართველოს სხვადასხვა კურორტი, როგორც დღემდე მოქმედი და პოპულარული, ისე ნაკლებად ცნობილი; როგორც ზღვისპირა, ისე მთის, ბალნეოლოგიური და სხვა. ფოტოები ასახავს ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ბუნებას, კავკასიონის მთებსა და შავიზღვისპირეთის განუმეორებელ პანორამებს.
დამთვალიერებელი იხილავს გაგრის, ბიჭვინთის, ლიძავას, გუდაუთის, ახალი ათონის, ტყვარჩელის, მენჯის, ქობულეთის, ციხისძირის, მახინჯაურის, წყალტუბოს, აბასთუმნის, ბორჯომის, ცემის, ჯავის, სიღნაღის, ლაგოდეხის, ფასანაურის, მესტიის, ბეშუმის, ყაზბეგის, ლებარდეს, კვერეთის, სულორისა და სხვა დასახლებების სანატორიუმებს, დასასვენებელ სახლებსა და ტურისტულ ბაზებს.
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოფენო პავილიონში მოქმედებს შეზღუდვები და დამთვალიერებელმა უნდა დაიცვას შესაბამისი რეკომენდაციები. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/pavilioni.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის თანამედროვე საგამოფენო პავილიონი 2016 წელს გაიხსნა. ამ პერიოდში საგამოფენო სივრცეში 60-მდე ექსპოზიცია გაიმართა და მას 10 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ესტუმრა.