დეკემბერი 548
en

ეროვნული არქივის რესტავრატორებმა 2022 წელს 19 000-მდე ფურცელს ჩაუტარეს რესტავრაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2022 წლის განმავლობაში რესტავრაცია ჩაუტარდა საარქივო დოკუმენტების 18 700-ზე მეტ ფურცელს, 12 აფიშას, 220 გაზეთს, ორ ფოტოალბომსა და 90-მდე ტექნიკურ დიდფორმატიან ნახაზს.

რესტავრატორებმა იმუშავეს საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში დაცულ მასალაზე. მათ შორისაა ისტორიული საბუთები, XVII საუკუნის სვინაქსარი (სასულიერო კრებული წმინდანთა ცხოვრებისა და დღესასწაულთა მოკლე აღწერილობა), მხატვრული ფილმების აფიშები, რიონჰესის მშენებლობის ფოტოები, გაზეთები „მხედარი“ (1920 წელი)  და „სახალხო საქმე“ (1917 წელი).

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ეროვნული არქივის რესტავრატორებმა მუშაობა დაიწყეს XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავზე, რომელიც ეტრატზეა შესრულებული და პალიმფსესტურ ფურცლებს შეიცავს.

ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის მიმართულებით  მნიშვნელოვანი სიახლე იყო 2022 წლის ნოემბერში ქუთაისის ცენტრალურ არქივში რესტავრაციის ლაბორატორიის გახსნა. აქ რესტავრაცია უკვე ჩაუტარდა საარქივო დოკუმენტების 300-ზე მეტ ფურცელს.