საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი 4 ოქტომბერს 1929 წელს გადაღებული ქართული დოკუმენტური ფილმით „საქართველოს კურორტები“ გაიხსნა.
5-7 ოქტომბერს, საფესტივალო დღეებში, წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს 15 ქვეყნის საარქივო და კინოინსტიტუციაში დაცული 38 დოკუმენტური, მხატვრული და ანიმაციური ფილმი.
ფესტივალის მაყურებელი იხილავს ბელგიის სამეფო კინოარქივში, გერმანიის ფედერალურ არქივში, გერმანიის კინოს ინსტიტუტში, ჰოლანდიის აი კინომუზეუმში, ჩეხეთის, პერუს, ჩრდილოეთ მაკედონიის კინოთეკებში, პორტუგალიისა და ტურინის კინოს მუზეუმებში, ჩეხეთის, ესტონეთის, პოლონეთის, ბულგარეთის კინოარქივებში, აშშ-ისა და მალტის ეროვნულ არქივებში დაცულ, ალფრედ მაჩინის, დუშან ვუკოტიჩის, იან ნემეკის, ლეიდა ლაიუსის, ალბრეხტ ვიქტორ ბლუმის, ელა ბერგმან მიშელის, ძმები მანაკების, რეინალდო ფერეირას, ჯიმი მურაკამის, რობერტ სიოდმაკისა და სხვათა რეჟისორობით 1909-1975 წლებში გადაღებულ საარქივო ფილმებს.
ფესტივალის გახსნისას წარმოდგენილი სარეკლამო ხასიათის დოკუმენტური ფილმი „საქართველოს კურორტები“ 1929 წელს რეჟისორმა ედუარდ სუპატაშვილმა გადაიღო. იგი მოგვითხრობს საქართველოს სამკურნალო და დასასვენებელ კურორტებზე, მათ შორისაა: ბორჯომი, აბასთუმანი, წყალტუბო, ახტალა, ბაკურიანი და სხვა. ფილმის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნაწილი საქართველოს მთებში მოგზაურობაა. სამკურნალო პროცედურების გარდა, მასში ასევე ასახულია სპორტული თუ კულტურული აქტივობები.
ქართული პროგრამის მეორე ფილმი, „მსოფლიო ტაშს უკრავს“, რომელიც 7 ოქტომბერს ფესტივალს დახურავს, გიორგი ასათიანმა 1960 წელს საქართველოს ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილების“ შესახებ გადაიღო. ფილმში ნაჩვენებია ანსამბლის საკონცერტო გამოსვლები ლონდონში, პარიზში, რომში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ბოგოტაში, მეხიკოში, ჰავანასა და მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებში. ფილმში ასევე ნაჩვენებია ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც ანსამბლის წევრები სტუმრობდნენ.
ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გასულ წელს დააფუძნა. ფესტივალის წლევანდელი თემა „კინოარქივების საგანძურია“.
ფესტივალი საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, კინოსტუდია „ქართული ფილმის“, ასევე, ფესტივალში მონაწილე საზღვარგარეთის ქვეყნების კინოინსტიტუციების წარმომადგენლები.
ფესტივალი მიმდინარეობს ეროვნული არქივის კინოთეატრში. მისამართი: თბილისი, პეკინის გამზირი #40. დასწრება თავისუფალია.